փորձագիտական գնահատական - Գյուղատնտեսություն

ამ სექციის შესავალ ნაწილში გაცხადებულია, რომ ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლისთანავე შემუშავდა საქართველოს სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგია 2015-2020, რომელიც ამ  დარგში საქართველოს დამოუკიდებლობის დღიდან შექმნილი ყველაზე ყოვლისმომცველი დოკუმენტია. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ  ეს დოკუმენტი მართლაც მოიცავს სოფლის მეურნეობის სექტორში გასატარებელი ურთიერთდაკავშირებული ღონისძიებების მთელს კომპლექსს შესაბამის სამოქმედო გეგმასთან ერთად, თუმცაღა თვით ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის პერიოდშიც კი არსებობდა დოკუმენტის უფრო ადრეული ვერსია. გარდა ამისა, გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის მიღება სოფლის მეურნეობაში ჯერ კიდევ 2012 წელს დადგა დღის წესრიგში, როდესაც წინა ხელისუფლებამ ეს დოკუმენტი ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის სოფლისა და სოფლად განვითარებისათვის (ENPARD) პროგრამის ამოქმედებისას მიიღო. მართალია, 2012 წლის ვერსია ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ხარისხობრივად გაუმჯობესდა და გაფართოვდა, მაგრამ ორივე შემთხვევაში ცვლილებების ინიციატორი ევროკავშირი იყო, აქედან გამომდინარე, მთლად კორექტული არ იქნება ქართული ოცნება სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის ექსკლუზიურ ავტორად ჩაითვალოს, მით უმეტეს ევროკავშირისა და მისი დახმარების მექანიზმების მოხსენიების გარეშე.

მოყვანილი ფაქტებიდან რეალობას სავსებით შეესაბამება განცხადება იმის თაობაზე, რომ ჯერადად გაიზარდა სოფლის მეურნეობის საბიუჯეტო დაფინანსება, ასევე ამ დარგისადმი მიმართული ყურადღება. ამავე დროს ძალიან უცნაურად ჟღერს განცხადება იმის შესახებ, რომ დარგში განხორციელებული პროგრამების შედეგად 800 ათასი ჰექტარი დამუშავდა. ეს გაუგებარია, ვინაიდან საქართველოში სახნავი მიწების ფართობი ამის მხოლოდ დაახლოებით მესამედს შეადგენს.

სოფლის მეურნეობის სექციაში საკმაოდ დეტალურადაა გადმოცემული ყველა პროგრამული მიმართულებით განხორციელებული ნაბიჯი, დახარჯული თანხა კრედიტების, გრანტებისა თუ სხვა სახით, ასევე ახალ საწარმოთა რაოდენობა და სხვა. სამწუხაროდ, წარმოდგენილი არსადაა სოფლის მეურნეობის განვითარების გრძელვადიანი ხედვა და არა ჩანს იმის დასაბუთება, თუ რა ხარიხობრივი ცვლილებები იქნა მიღწეული დარგში და საით მიდის მისი განვითარება. დოკუმენტის ამ ნაწილში ტექსტი შედგენილია ისე, რომ იქმნება შთაბეჭდილება, რომ დოკუმენტის ავტორებს შექმნილ საწარმოთა რაოდენობა, სხვადასხვა სუბსიდირების პროგრამაზე გაცემული თანხების ჯამური რაოდენობა, ასევე ბენეფიციართა დიდი რიცხვი, უკვე წარმატებად მიაჩნიათ. საკმაოდ სუსტია ბმა ამ სექციაშივე ნახსენებ სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის დოკუმენტთან, რომლის ძირითადი ლაიტმოტივია 5 წლის განმავლობაში სახელმწიფო დახმარების თანდათანობით შემცირება კერძო სექტორის გააქტიურების ხარჯზე. დოკუმენტის ავტორებს არსად აქვთ ნახსენები, რომ საშუალო და გრძელვადიან პერიოდში სოფლის მეურნეობის პოლიტიკა უთუოდ მიგვიყვანს კერძო სექტორის გააქტიურების ზრდისკენ, რაც გამოშვების, პროდუქტიულობის, ექსპორტისა და სხვა მაჩვენებლების თანდათანობით გაუმჯობესებაში უნდა აისახოს. გაწეული სამუშაოების შესახებ ინფორმაცია უკიდურესად გადატვირთულია რიცხვებით, რაც აძნელებს მის წაკითხვასა და შესაბამისი დასკვნების გამოტანას. ამას გარდა, არ მიგვაჩნია, რომ 800 ათასი გლეხისათვის გაცემული დახმარება საგაზაფხულო პროგრამის სახით, წარმატებად უნდა ჩაითვალოს. ჯერ კიდევ 2000-იანი წლების დასაწყისში, ოფიციალური სტატისტიკით, დღევანდელზე გაცილებით დაბალი ეკონომიკური განვითარების პირობებში სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირები ძირითადი ოპერაციების (ხვნა-თესვა, მოსავლის აღება) დაგეგმვასა და განხორციელებას საკუთარი ძალებით ახერხებდნენ. ამგვარად, გაუგებარია, რატომ ითვლება ხვნა-თესვისა და უმთავრესი ოპერაციების სუბსიდირება წარმატებად ახლა, როცა ამის არც ეკონომიკური და არც სოციალური საჭიროება არ არსებობს. რაც შეეხება სექტორში გაცემულ კრედიტებს, მათ წარმატება-წარუმატებლობაზე ლაპარაკი ნაადრევია, მანამ სანამ რამდენიმე წლის შემდეგ ხელმისაწვდომი არ გახდება ინფორმაცია ბანკებისთვის დაბრუნებული სესხების, გამოშვებისა და ექსპორტის მაჩვენებლების ზრდის შესახებ. სამწუხაროა, რომ კვლავ გრძელდება რიტორიკა დაზღვევის მასობრივი სქემების შესახებ. ჩვენი ღრმა რწმენით, და ეს უწინდელმა ქართულმა და საერთაშორისო გამოცდილებამაც დაადასტურა, ფერმერული მეურნეობების დღეს არსებული სტრუქტურისა და პროდუქტიულობის უკიდურესად დაბალი მაჩვენებლების პირობებში, დაზღვევის სქემების მასობრივი განხორციელება მხოლოდ საბიუჯეტო რესურსების უმიზნოდ ხარჯვაა.

გაუგებარია, თუ რატომ სახელდება კოოპერაციის განვითარება სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიულ მიზნად. ეს მეურნეობის მოწყობის მხოლოდ ერთი ფორმაა, რომლის განვითარებისთვისაც უკვე საკმარისი გაკეთდა. გაუგებარია, თუ რატომ უკავშირდება კოოპერაცია მიწების ფრაგმენტაციის პრობლემის გადაჭრას. ეს არსებითად განსხვავებული საკითხებია. გარდა ამისა, მიწების კონსოლიდაციის პრობლემა საბაზრო ურთიერთობების სფეროა და სახელმწიფო აქ მხოლოდ ხელშემწყობის ფუნქციით უნდა შემოიფარგლოს. არასწორადაა ჩამოყალიბებული მიწის ბაზრის რეფორმის ამოცანა და თავად არც მიწის ბაზრის რეფორმაა განმარტებული. აქვე მიზანშეწონილად მივიჩნევთ განვაცხადოთ, რომ საქართველოში დამოუკიდებლობის 25 წლის განმავლობაში ვერც ერთმა მთავრობამ ვერ მოახერხა მიწის საკითხისადმი თანმიმდევრული და პროფესიული მიდგომის შემუშავება. აქედან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიგვაჩნია შეწყდეს სახელმწიფოს გამუდმებული ჩარევა ამ სფეროში და ბაზრის აგენტებს დამოუკიდებლად მიეცეთ პრობლემების თანდათანობით, საკუთარი ძალებით გადაჭრის საშუალება.  

ძალიან ცოტაა ნათქვამი სასოფლო-სამეურნეო ცოდნის გავრცელების ხელშეწყობაზე, რაც გაცილებით მნიშვნელოვანია ვიდრე აგროდაზღვევა. დოკუმენტში გაცხადებულია, რომ მცირემიწიან ფერმერთათვის კიდევ უფრო გაიზრდება მოსავლის დაზღვევის პროგრამა, რაც ჩვენი აზრით სასიკეთოს არაფერს მოიტანს და სახელმწიფო რესურსების უმიზნო ხარჯვას გამოიწვევს.

გაუგებრადაა გაწერილი ის, თუ როგორ შეუწყობს მთავრობა ფინანსებზე ხელმისაწვდომობის ზრდას. ასევე გაუგებარია, თუ რას ნიშნავს ტექნიკაზე ხელმისაწვდომობის ზრდა. ჩვენი აზრით, აუცილებელია სახელმწიფოს ხელში არსებული სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის რაც შეიძლება სწრაფი პრივატიზება, რაც სახელმწიფოსაც მოუტანს შემოსავალს და ფერმერებისთვისაც გაზრდის ტექნიკის ხელმისაწვდომობას, თუმცა ეს ნახსენები არაა. მიზნების ნაწილში ასევე მოყვანილია ცალკეული ამონარიდები სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიიდან და სამოქმედო გეგმიდან, თუმცა არაა ჩამოყალიბებული სტრატეგიული ამოცანები და ის თუ, რამდენად აახლოებს არსებული პოლიტიკა ქვეყანას ამ სტრატეგიული მიზნების შესრულებასთან.