փորձագիտական գնահատական - Գյուղատնտեսություն

თავისუფალი დემოკრატების პლატფორმის სოფლის მეურნეობის ნაწილი გაშლილია საკმაოდ კომპეტენტურად. დანახულია სოფლის მეურნეობის დარგის განვითარების შემაფერხებელი ინსტიტუციური დაბრკოლებები, როგორებიცაა მიწის საკუთრებისა და მართვის საკითხების მოუგვარებლობა, პრობლემები ფინანსებთან წვდომასთან დაკავშირებით, ტექნოლოგიების დეფიციტი და ძირითადი ინფრასტრუქტურის, მათ შორის კომუნიკაციებისა და საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების მოუწყობლობა.

მისასალმებელია ის, რომ სოფლის მეურნეობის განვითარება განიხილება ისეთ თანმიმდევ საკითხებთან ურთიერთქმედებაში, როგორებიცაა სოფლად განვითარება, აგრობიზნესი, სურსათის უვნებლობა, სასურსათო უსაფრთხოება და სხვა. საინტერესოა ისიც, რომ ავტორებს კარგად აქვთ გაცნობიერებული სოფლის მეურნეობის ზრდის როლი სოფლად და ზოგადად ქვეყნის მასშტაბით სიღარიბის შემცირებაში. ფაქტოლოგიური შეფასებების თვალსაზრისით, მართებულია დოკუმენტში მოყვანილი მოსაზრებები მოსავლის აღების შემდგომი ტექნოლოგიებისა და სტაბილური სამუშაო ადგილების ნაკლებობის შესახებ. ფრთხილად, თუმცა საქმიანად აკრიტიკებენ დოკუმენტის ავტორები სადღეისოდ სოფლის მეურნეობაში განხორციელებულ პოლიტიკას და აღნიშნავენ, რომ შედეგები სასურველზე ნაკლებია. სათქმელია, რომ შედარებით გაზვიადებულია მსჯელობა ,,საჯარო რეესტრის შესახებ“ კანონპროექტის შესაძლო შედეგებზე, რომელიც თითქოს დაურეგისტრირებელი 400 ათასი ნაკვეთის ჩამორთმევას ითვალისწინებდა. ამასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ხსენებული კანონპროექტი ნაჩქარევად იქნა შედგენილი და კიდევ უფრო დაამძიმა ჯერ კიდევ წინა ხელისუფლების დროს  400 ათასი მეპატრონისათვის  ნაჩქარევად ჩატარებული აზომვითი სამუშაოების განხორციელებით მიღებული სავალალო შედეგები. უფრო კორექტულია ითქვას, რომ დამოუკიდებლობის პერიოდიდან მოყოლებული სასოფლო-სამეურნეო მიწის საკუთრების პრობლემები ამ სფეროში დახარჯული უამრავი რესურსებისა და ენერგიის მიუხედავად, კვლავაც მძიმეა და ყოველმა შემდგომმა ხელისუფლებამ თავისი მოქმედებით თუ უმოქმედობით მხოლოდ პრობლემების გამწვავებას შეუწყო ხელი.

პარტიის გეგმები სოფლის მეურნეობის სფეროში მთლიანობაში საკმაოდ გამართულია, თუმცა მოითხოვს მთელ რიგ დაზუსტებებს. ასე მაგალითად, კოოპერაციაზე საუბრისას ნახსენებია დამატებითი სტიმულების აუცილებლობა, თუმცა განმარტებული არაა რა სტიმულებზეა საუბარი. ასევე ლაპარაკია აგროსესხების პროგრამის გაგრძელებაზე. სასურველი იქნება უფრო კონკრეტულად ითქვას, თუ რა უნდა შეიცვალოს აგროსესხების პროგრამაში, ვინაიდიან დოკუმენტის ავტორები აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ სოფლის მეურნეობაში სასურველი შედეგების მიღწევა ჯერაც ვერ შეძლო, არადა ხელისუფლების სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკის ერთ-ერთ უმთავრეს კომპონენტს სწორედ აგროსესხების პროგრამა წარმოადგენს. აქედან გამომდინარე, თავისუფალი დემოკრატები აუცილებლად უნდა გვთავაზობდნენ აგროსესხების ეფექტიანობის ასამაღლებელ ღონისძიებებს თუკი ისინი არსებული ხელისუფლების სასოფლო-სამეურნეო პოლიტიკას აკრიტიკებენ. დოკუმენტში საუბარია სასოფლო-სამეურნეო მომსახურების ცენტრების შექმნაზე, მაშინ როცა კერძო სექტორში ასეთი ცენტრები უკვე ასობითაა და გარდა ამისა,  სოფლის მეურნეობის საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში მოქმედებს. ამგვარად, უფრო უპრიანი იქნებოდა საუბარი დღეს არსებული ფერმერული მომსახურების გაძლიერებაზე და არა ახლის შექმნაზე.

საკმაოდ არარეალისტურია და არც თუ ისე მნიშვნელოვანია საქართველოს სურსათით თვითმომარაგების ამოცანა, თუმცაღა დოკუმენტის ავტორები საკმაოდ რეალისტურად აფასებენ სიტუაციას დასაქმების მიმართულებით და მხოლოდ რამდენიმე ათასი დაქირავებული სამუშაო ადგილის შექმნის ხელშეწყობას ისახავენ მიზნად, რაც საკითხში კარგად გათვითცნობიერებულობისა და პოპულისტური დაპირებებიდან თავის შეკავების კარგი მაგალითია. მთლიანობაში, თავისუფალი დემოკრატების ფლატფორმა სოფლის მეურნეობის ნაწილში საკმაოდ ხარისხიანი დოკუმენტია.