փորձագիտական գնահատական - Մակրոտնտեսական հարցերը

თავისუფალი დემოკრატების წინასაარჩევნო პლატფორმა ზოგადად, და კერძოდ მისი ეკონომიკური ბლოკი მომზადებულია საკმაოდ კომპეტენტურად. ჩანს საკითხების საფუძვლიანი გააზრების მცდელობა.

დოკუმენტის ეკონომიკური ნაწილი საკმაოდ ვრცელია და მოიცავს როგორც ზოგად ხედვას, ასევე მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გასატარებელი ძირითადი  ღონისძიების  ჩამონათვალს, მათ მოკლე აღწერილობასა და დასაბუთებას. თანმიმდევრულობის თვალსაზრისით, ეს სექცია ჩამოყალიბებულია საკმაოდ გამართულად, ამავე დროს, მსჯელობა ზომიერია, არ არის იდეოლოგიური სლოგანები, ტონი კონსტრუქციულია. ამასთანავე, მკაფიოდ იკვეთება პოლიტიკური კრედო, რომელიც შეიძლება დახასიათდეს როგორც ზომიერად ლიბერალური, ევროპული სოციალ-დემოკრატიული ხედვის ნაზავით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ სექციაში თითქმის არ არის ფაქტოლოგიური შეფასებები. მხოლოდ ერთ შემთხვევაშია გაცხადებული, რომ მთავრობა საგადასახადო შემოსავლების 30%-ს პერსონალის შრომის ანაზღაურებაზე ხარჯავს, რაც მეტ-ნაკლებად ობიექტური შეფასებაა.

ეკონომიკის სექცია იყოფა ზოგად, საგადასახადო სისტემის ოპტიმიზაციის, საგადასახადო შეღავათების, ფისკალური დისციპლინის, ბიუროკრატიული ხარჯების შემცირების, ინვესტიციების მოზიდვისა და პროფესიული გადამზადების ნაწილებისგან. სტრუქტურულად იგი საკმაოდ კარგადაა ჩამოყალიბებული და გააზრებულია ზემოთხსენებული კომპონენტების როლი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაში. შემოთავაზებული ღონისძიებები ინსტიტუციური და ფისკალური ხასიათისაა, რაც სავარაუდოდ, ეფუძნება იმის გაცნობიერებას, რომ ფულადი პოლიტიკა ეროვნული ბანკის პრეროგატივაა და მასში მთავრობა უხეშად არ უნდა ერეოდეს.

ეკონომიკის ნაწილში თავისუფალი დემოკრატები დაჩქარებული ზრდის პროპონენტები არიან, რაც სავსებით გამართლებულია. რთულად მისაღწევი, მაგრამ მაინც რეალისტურია დაბალი ინფლაციის პირობებში წელიწადში მშპ-ს საშუალო ზრდის 8% ნიშნულზე უზრუნველყოფა 2017-2020 წლებში. პრობლემურია 4 წელიწადში უცხოური ინვესტიციების 10 მილიარდით გაზრდისა და ბიუჯეტის 4 მილიარდით გაზრდის ამოცანები. აქ სასურველია დაზუსტდეს, ლაპარაკია თუ არა ბიუჯეტის შემოსავლებისა თუ ხარჯების ზრდაზე ცალ-ცალკე თუ ჯამურად. ასევე აუცილებელია შესავალშივე იმის დაზუსტება, თუ როგორ გაიზრდება ბიუჯეტი - საგადასახადო ბაზის გაფართოების, უცხოური თუ შიდა ვალების მოზიდვის თუ ამ ფაქტორების კომბინირების ხარჯზე. მიგვაჩნია, რომ უცხოურ ინვესტიციებზე ზედმეტად დიდი აქცენტი კეთდება. ჩვენი აზრით, ეს ეკონომიკური პოლიტიკის ერთგვარი აბერაციაა, ვინაიდან უცხოური ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით ყველაზე წარმატებულ ქვეყნებშიც კი, ეკონომიკური ზრდის ლომის წილს განსაკუთრებით კი განვითარების საწყის ეტაპზე შიდა დანაზოგების მობილიზაცია უზრუნველყოფდა. ზოგადად, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ქვეყნებში მას შემდეგ შედის, როცა იგი ზრდის საიმედო და სტაბილურად მაღალ მაჩვენებლებს დააფიქსირებს. სხვა მხრივ, თავისუფალი დემოკრატების აქცენტი კონკურენტული ბაზრის თავისუფლების უზრუნველყოფაზე, ღიაობაზე, ბიზნესისა და საკუთრების დაცულობაზე მართლაც წარმოადგენენ ეკონომიკის განვითარების წინაპირობას და მათზე აქცენტი სწორადაა გაკეთებული. პრაქტიკულად, შესავალ ნაწილში ღონისძიებების ნუსხაში არც ერთია გაუმართლებელი ან არარეალისტური.

მისასალმებელია საგადასახადო სისტემის ოპტიმიზაციის კუთხით შემოთავაზებული ინიციატივა, თუმცაღა დიდი სიფრთხილეა საჭირო გადასახადის გადაუხდელობის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით. ამგვარი შემოთავაზება ძალიან ფრთხილად უნდა გაკეთდეს და მხოლოდ საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებისა და ხანგრძლივი მსჯელობის შემდეგ. ძალზე მნიშვნელოვანია, რომ თავისუფალი დემოკრატები ბიზნესს მთავრობის პარტნიორად განიხილავენ და სახელმწიფო საგადასახადო და კონტროლის ფუნქციებსაც ამ პრიზმაში ხედავენ.

მისაღებია საგადასახადო შეღავათების ნაწილში შემოთავაზებული ინიციატივები, რომლებიც ძირითად კაპიტალში რეინვესტირებისა და ბიზნესის წამოწყების გაადვილებისკენ იქნება მიმართული. სწორადაა აქცენტი დასმული ფისკალური დისციპლინის უზრუნველყოფაზე, თუმცა უნდა ითქვას, რომ ფისკალური დეფიციტის შემცირება სწრაფი ეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად აბსოლუტურად აუცილებელი წინაპირობა ყოველთვის არაა.

ბიუროკრატიული ხარჯების შესამცირებლად შემოთავაზებული ღონისძიებები ზოგადად გამართლებულია იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს პერსონალის რიცხოვნობის შემცირებას მოითხოვს. როგორც ჩანს, თავისუფალი დემოკრატები ამასაც გულისხმობენ, თუმცაღა  დოკუმენტში ეს აშკარად გაცხადებული არაა. სწორია პერსონალის წამახალისებელი სქემების შემოღებისა და ჯამაგირის ნახევრის მიღწეულ შედეგებზე მიბმა, თუმცა ეს არც ისე რეალისტურია, ვინაიდან ეს მთავრობის სტრუქტურისა და მისი მუშაობის პრინციპების კარდინალურ რეფორმას ნიშნავს, რაზეც დოკუმენტში ზოგადად ლაპარაკი არ არის.

ინვესტიციების ხელშეწყობის ღონისძიებების ნაწილი შედარებით სუსტია სხვა შემოთავაზებულ ღონისძიებთან შედარებით. კერძოდ, ინვესტიციების ხელშემწყობი სააგენტოს ჩამოყალიბების იდეა მოძველებულია, ვინაიდან ამგვარი სტრუქტურა კარგა ხანია არსებობს. სტაბილური ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბება, ცხადია, მნიშვნელოვანია მაგრამ ეს თავისთავად არის სახელმწიფოს მიზანი და არა მხოლოდ უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად. მიწისა და საკუთრების აღწერა, რა თქმა უნდა, გაზრდის ,,ქვეყნის კაპიტალიზაციას“ და გააადვილებს ინვესტიციებსაც, მაგრამ ეს ღონისძიება უფრო ფუნდამენტური და გრძელვადიანი მნიშვნელობისაა. სრულიად არ ვეთანხმებით მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქართველოში ჩამოსულ ,,მაღალი დონის უფლებამოსილ პროფესნიონალებს“ საგადასახადო შეღავათები უნდა მიეცეთ. ასევე, გაუგებარია, თუ რატომ ფიქრობენ დოკუმენტის ავტორები, რომ მაღალტექნოლოგიური წარმოებასა და იმპორტზე დღგ-ს განაკვეთის ნულამდე შემცირება ასეთ დარგებს განავითარებს. ასევე არ ვეთანხმებით კომპიუტერული ტექნოლოგიების, ბიოტექნოლოგიების, კომპლექსური ნაწილების წარმოების ხელშეწყობის მიზნით შეღავათიანი პერიოდების დაწესებასა და სახელმწიფო გრანტების გაცემას. ასეთი ტიპის ინიციატივები ძალიან ახლოს დგას ეგრეთ წოდებულ თავისუფალი ეკონომიკური ზონების იდეასთან, რომლებმაც დადასტურებული დადებითი შედეგები ბევრ ქვეყანაში ვერ მოიტანეს. დაზუსტებისათვის უნდა ითქვას, რომ მაღალტექნოლოგიური დარგები ქვეყანაში მხოლოდ იმ შემთხვევაში შემოვა, როცა უცხოელ ინვესტორს გარკვეული სტრატეგიული ინტერესები გაუჩნდება. ასეთია ბაზრის სიდიდე და განსაკუთრებული მდებარეობა, განსაკუთრებული ბუნებრივი თუ ადამიანური რესურსები, ფართო პოლიტიკური და ეკონომკური მოსაზრებები და სხვა. ვეთანხმებით შემოთავაზებას ინოვაციური ლაბორატრორიებისა და ინკუბატორების შექმნის შესახებ, თუმცა ეს უკანასკნელი ქვეყნის შიგნით საინტერესო მეწარმეების გამოვლენასა და განვითარების ხელშეწყობაზე უნდა იყოს ორიენტირებული. ზედმეტად სარისკოდ მიგვაჩნია ინოვაციებში ინვესტორებისა და ვენჩურული თანადაფინანსების მექანიზმის შემოღება, რომელშიც დაბანდებების 50%-ს სახელმწიფომ უნდა იკისროს.  დოკუმენტის ამ ნაწილში ავტორებს სძლევთ ემოციები და ვერ ამჩნევენ თუ როგორ იკავებს ,,შესაძლებლის“ ადგილს ,,სასურველი.“ თავისუფალი დემოკრატების წინასაარჩევნო პლატფორმის ეკონომიკური ბლოკის დასაწყისი საკმაოდ რეალისტურია და ძალიან სასურველი იქნებოდა, დოკუმენტში ბოლომდე შენარჩუნებულიყო ეს პრაგმატიზმი და გააზრება იმისა, რომ ეკონომიკური ზრდა ყველაზე უკეთ მაშინ  მიიღწევა, როცა ის ორგანული პროცესია და სახელმწიფო მის აქსელერაციას გაუმართლებელი საგადასახადო შეღავათებითა და მაღალი ტექნოლოგიებისა და მოწინავე მეცნიერებატევადი დარგების ხელოვნური სტიმულირებით არ ცდილობს.

რაც შეეხება ინიციატივას მინიმალური ხელფასის დაწერების შესახებ, ეკონომიკური თეორიის მიხედვით, ამგვარი ინიციატივა ქმნის შესაძლებლობას დასაქმების ჩრდილში გადასატანად. ამისა, მიუხედავად იმისა, რომ ეს შემოთავაზება საკმაოდ კეთილშობილია, მისი განხორციელება დაუკავშირდება ადმინისტრირებისა და მონიტორინგის სირთულეებს.

პრაქტიკაში, მინიმალური ხელფასის შემოღების შედეგები სკმაოდ საეჭვოა მსოფლიო გამოცდილების თვალსაზრისით. ალტერნატივისთვის, მთავრობას უნდა შეეძლოს მეტ-ნაკლებად ობიექტურად შეაფასოს ბაზარზე არსებული ფაქტობრივი მინიმალური ხელფასი და სოციალური შემწეობის მოცულობა ისე დაგეგმოს, რომ ერთ მომუშავეს ამ ორივე შემოსავლის წყაროდან შემოსავალი 500 ლარზე არსებითად მეტი გამოსდიოდეს. ეს უფრო ეფექტიანი იქნება.