փորձագիտական գնահատական - Առողջապահություն

ჯანდაცვის სექტორში არსებული პრობლემების განხილვისას, სამართლიანად აღინიშნება, რომ მთავრობის მცდელობის მიუხედავად, სერვისების წვდომა მოსახლეობის სხვადასხვა ფენისა და რეგიონებისათვის ჯერაც განსხვავებულია. ამასთან, ფაქტობრივად იკვეთება ისეთი მდგომარეობა, რომ სახელმწიფო დაფინანსების მიუხედავად, შედარებით ღარიბი ოჯახებისათვვის კვლავაც აუცილებელი ,,საკუთარი ჯიბიდან“ ხარჯების გაღება მეტისმეტად მძიმე ტვირთად იქცევა, რაც მათ უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში აგდებს. გარდა ამისა, სასურველზე დაბალია სამედიცინო მომსახურების ხარისხი, რაც განსაკუთრებით საგანგაშო მდგომარეობას ქმნის ქრონიკული და საშიში დაავადებების მკურნალობისას. მართებულია საუბარი სამედიცინო პერსონალის დაბალ კვალიფიკაციაზეც.

ჯანდაცვის სფეროში მომდევნო 4 წლის განმავლობაში განზრახულია  ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის გაზრდა და სერვისების საყოველთაობის უზრუნველყოფა, ფინანსების სამართლიანი განაწილება, ჯანდაცვის სერვისების გაუმჯობესება ყველა დონეზე, უწყვეტი პროფესიული განვითარება, საპენსიო პოლიტიკის შეცვლა და სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების ზრდა და მათი რიცხოვნობის შემცირება.

მართებულია შემწეობის დაფინანსება უმწეოთათვის, პენსიონრებისა და პირველი და მეორე ჯგუფის ინვალიდებისათვის ზოგდად, თუმცაღა პენსიონერთა შორის შესაძლოა მაღალი შემოსავლის მქონე პირებიც აღმოჩნდნენ, რაც მიდგომებში გარკვეულ გრადაციას მოითხოვს. ჰუმანიტარული თვალსაზრისით გასაგებია მოსაზრება პირველადი მოხმარების მედიკამენტების სიის შედგენისა და შესაბამისი ჯგუფებისათვის მათი მინიმუმ 50%-იანი ფასდაკლებით გაცემის შესახებ, თუმცა ეს არაეფექტიან ღონისძიებად მიგვაჩნია, რაც გამოიწვევს სახელმწიფო რესურსების გადახარჯვას, ასევე პრობლემურია მიზნობრიობის თვალსაზრისით. კარგი ინიციატივაა სემდეიცინო მონაცემთა აღრიცხვის მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნის იდეა. მისასალმებელია სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლების სურვილი, თუმცაღა უნდა დაზუსტდეს, როგორ არის ეს შესაძლებელი, ასევე მიმართება უნდა გაკეთდეს შესაბამისი უმაღლესი და პროფესიული განათლების სისტემებზეც, რაც წინასაარჩევნო პლატფორმის ჯანდაცვის ნაწილში უშუალოდ ნახსენები არ არის.

სახელმწიფო დაფინანსების სამართლიანი განაწილების მიმართულებით შემოთავაზებული ღონისძიებების დაფინანსება, შემოთავაზებული სქემის მიხედვით შესაძლოა დიდ და მზარდ ფისკალურ ტვირთს ქმნიდეს. კერძოდ, ძალზე არაპოპულარული იქნება საპენსიო ასაკის ზრდის გადაწყვეტილება, რის გარეშეც პენსიონერთა რიცხვი და მათ შორის ქრონიკული დაავადებების რიცხოვნობა და სიმწვავე, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, საქართველოშიც გაიზრდება, რაც უაღრესად დიდი რისკების შემცველია. ამგვარად, თავისუფალი დემოკრატების შემოთავაზება ჯანდაცვაში დაფინანსების სამართლიანი განაწილების შესახებ მიზანშეწონილობისა და შესრულებადობის თვალსაზრისით, სათუოდ და სარისკოდ მიგვაჩნია. ასევე აუცილებელია, რომ ასეთი სერიოზული შემოთავაზება მყარი არგუმენტებით უნდა იყოს გამაგრებული, რაც დოკუმენტში არ არის.

საინტერესო სიახლეა სამედიცინო და სასწავლო დაწესებულებების რეიტინგების შექმნა, თუმცა უნდა იყოს ნახსენები რა მექანიზმით, ვის მიერ და როგორ.

უცნაურია, თუ რატომ არაა სათანადო დოზით ლაპარაკი დაავადებების პრევენციაზე, მაგალითად ჯანსაღი ცხოვრების წესის წახალისებაზე, სპორტზე, ასევე სიგარეტისა და სხვა მავნე სუბსტანციების მოხმარების მკაცრ შეზღუდვაზე თუნდაც შესაბამისი გადასახადების აწევის ხარჯზე, არადა მსოფლიო გამოცდილება აშკარად ადასტურებს, რომ ამგვარი შედარებით იაფი ღონისძიებებით მაღალი უკუგების მიღწევა შეიძლება. თავს ვიკავებთ ნარკოპოლიტიკის შეფასებისგან.